რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დონეცკის მარიონეტი ლიდერი: აზოვის ბატალიონის 100-ზე მეტი მებრძოლი განაჩენს ელის

უკრაინის სეპარატისტული დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერის, დენის პუშილინის თქმით, აზოვის ბატალიონის 100-ზე მეტი მებრძოლი სასამართლოს წინაშე წარდგება.

"აზოვის ბატალიონის 100-ზე მეტი მებრძოლი იმ ადგილებიდან, სადაც ისინი პატიმრობაში იმყოფებოდნენ, წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე გადაიყვანეს. შესაბამისი ზომები გატარდება. ამ მებრძოლებს ტრიბუნალი ელოდება". - თქვა პუშილინმა Solovyov Live-ში ჩართვის დროს.

17 მაისს აზოვსტალიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო. ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.

ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს თქმით, უწყებაში აზოვსტალის ქარხნიდან აყვანილი ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ.

თუმცა, რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის სიტყვებით, "ნაცისტი კრიმინალები" არ უნდა გაცვალონ. ასევე, რუსული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები აზოვსტალის მცველებს დაკითხავენ. ამასთან, რუსეთის გენერალური პროკურატურა უზენაეს სასამართლოს მიმართავს, რომ უკრაინაში მებრძოლი აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს.

29 ივნისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი ტყვეობიდან გაათავისუფლა.

"სამხედრო ტყვეთა მორიგი გაცვლა მოხდა, რომლის წყალობითაც 144 უკრაინელი მცველი სახლში დაბრუნდა. ეს არის ყველაზე დიდი გაცვლა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. გათავისუფლებული 144 ადამიანიდან 95 აზოვსტალის მცველია. მათ შორის, 43 აზოვის პოლკის სამხედრო პირია". - წერია განცხადებაში.

კომენტარები