რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი სლავიანსკი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქი სლავიანსკი დაბომბეს. რუსების იერიშებს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 7 პირი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია სლავიანსკის სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა.

"რუსების იერიშების შედეგად, ქალაქის ცენტრალურ ბაზარს ცეცხლი გაუჩნდა. აგრეთვე, დაზიანდა სლავიანსკის ცენტრალური უბნებიც. ზარალის ზუსტი ოდენობა დგინდება". - წერს სლავიანკსის სამხედრო ადმინისტრაცია.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები