5 ივლისის ძალადობა

თბილისი პრაიდის ოფისში შეჭრის საქმეზე 3 პირს სასამართლომ 5 000-5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

Euronews

2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს თბილისი პრაიდის ოფისში შეჭრაში 3 ბრალდებულს საქალაქო სასამართლომ 5 000-5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ინფორმაციას თბილისი პრაიდის თანადირექტორი, მარიამ კვარაცხელია ავრცელებს.

"დევნა და ორგანიზებული დანაშაული ვერ დაინახა სასამართლომ (პროკურატურას ჰქონდა წაყენებული ეს მუხლებიც). მხოლოდ ბინაში უნებართვოდ შესვლა დატოვა (მუხლი 160) ორი დამამძიმებელი გარემოებით, ჯგუფურად და ძალადობის მუქარით. სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებისას არ გაჟღერებულა 53 პრიმა, რაც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს გულისხმობს". – წერს კვარაცხელია.

კვარაცხელია ასევე ხაზს უსვამს, რომ საქმეს მხოლოდ 3 ბრალდებული ჰყავს მაშინ, როცა შეჭრის კადრებში მინიმუმ 10 ადამიანი ჩანს.

22 დეკემბერს თბილისი პრაიდის ოფისში შეჭრისთვის დაკავებული 3 ორკი თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 000-5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ დაუკავებია 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების მთავარი ორგანიზატორები. 2021 წელს Tbilisi Pride-ის მიერ ორგანიზებული ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე, მათ შორის ჟურნალისტებზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

კომენტარები