დიდი შვიდეულის სამიტი

G7-ის ქვეყნები უკრაინას განუსაზღვრელი მასშტაბით დაეხმარებიან – BLOOMBERG

დიდი შვიდეულის სამიტი, 26 ივნისი, 2022.

დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა დღევანდელ სამიტზე პირობა დადეს, რომ უკრაინას რუსეთისგან თავდასაცავად განუსაზღვრელი მასშტაბით დაეხმარებიან. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 

"ჩვენ გავაგრძელებთ ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ დახმარებას და უკრაინის გვერდით იმდენ ხანს ვიქნებით, რამდენიც მას დასჭირდება". - ნათქვამია G7-ის განცხადებაში.

Bloomberg-ის ცნობით, დიდი შვიდეულის ლიდერები რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ომის გამო, დისკრიმინაციულად დაწესებული ტარიფების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებასაც განიხილავენ.

დღევანდელ სამიტზე დიდი შვიდეულის ქვეყნებმა რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს. სამიტზე ენერგოდეფიციტისა და საკვების კრიზისის განხილვა მიმდინარეობდა.

აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დამატებით განმარტა, რომ G7 ოქროს იმპორტის აკრძალვის შესახებ ოფიციალურ განცხადებას 28 ივნისს გაავრცელებს. 

გასულ წელს რუსული ოქროს ექსპორტი $15.45 მილიარდი იყო. ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, მდიდარი რუსები სანქციების ფინანსური ზემოქმედების შესამცირებლად დასავლეთისგან ოქროს ზოდებს ყიდულობდნენ. Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, ოქროს იმპორტის აკრძალვასთან ერთად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსული ნავთობის იმპორტის ფასის ლიმიტის დაწესებაზე. 

კომენტარები