დიდი შვიდეულის სამიტი

ზელენსკი დიდი შვიდეულის სამიტზე: უკრაინა გამარჯვებისთვის პარტნიორებთან თანამშრომლობს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, დიდი შვიდეულის სამიტზე დასასწრებად იაპონიაში ვიზიტის პირველმა დღემ მნიშვნელოვნად ჩაიარა. უკრაინა პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას განაგრძობს, რომლებიც მასთან ერთად რუსეთთან ომში გამარჯვებისთვის ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისთვის ემზადებიან. 

"დღეს, დიდი შვიდეულის შეხვედრების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, იაპონიაში ვიზიტის პირველი დღეა. ჩვენ პარტნიორებთან კოორდინაციის საფუძველზე პოზიციებს ვათანხმებთ და ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისთვის ვემზადებით. რაც შეეხება თავდაცვის სისტემებს, იარაღებს, საზენიტო თავდაცვას, მოიერიშე თვითმფრინავებს, მაქსიმალურად მეტ ქვეყანასა და ლიდერს ვრთავთ უკრაინის დახმარების პროცესში". - ამბობს ზელენსკი თავის ყოველდღიურ მიმართვაში. 

ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი უკვე შეხვდა იტალიის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრებსა და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს. ასევე ესაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს. 

მაკრონმა შეხვედრასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს უკრაინის პრეზიდენტისთვის უნიკალური შანსია, რათა თავისი პოზიციები და გზავნილები გააზიაროს.

"მჯერა, რომ ეს შესაძლოა გარდამტეხი მომენტი იყოს". - თქვა მაკრონმა. 

ომის დაწყების შემდეგ უკრაინისა და ინდოეთის ლიდერები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჰიროშიმაში დიდი შვიდეულის სამიტზე საფრანგეთის სამთავრობო თვითმფრინავით ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია CNN-ს დიპლომატიურმა წყარომ დაუდასტურა. 

კომენტარები