რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს – დაღუპულებს შორის 1 ბავშვია

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ხარკოვის ოლქი დაბომბეს. რუსების იერიშების შედეგად, 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რომელთაგან 1 ბავშვია. 10 პირი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია ხარკოვის გუბერნატორმა, ოლეგ სინეგუბოვმა გაავრცელა.

"ოკუპანტები ხარკოვში კვლავ ბომბავენ დასახლებულ პუნქტებს და ატერორებენ მშვიდობიან მოსახლეობას. ხარკოვის მაცხოვრებლებს ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად ფრთხილად იყვნენ და თუ აუცილებელი არაა, ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ, რადგან ეს ახლა ძალიან საშიშია". - წერს სინეგუბოვი.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები