რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ლისიჩანსკი დაბომბეს – 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში ის შენობა დაბომბეს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები თავს აფარებდნენ. ოკუპანტების საჰარეო იერიშების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა.

"რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ლისიჩანსკზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ამ დროისთვის, დანგრეული შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს". - წერს გაიდაი.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები