რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: უკრაინას რაც უფრო შორსმსროლელ იარაღს მიაწვდით, მით უფრო გადმოვწევთ ხაზს

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი დასავლეთის მიერ უკრაინისთვის დიდი რადიუსის მქონე იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით უკრაინის უფრო მეტი ტერიტორიის მიტაცებით იმუქრება.

"რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ამ სიტუაციაზე, რომელიც ახალი შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით ვითარდება, კომენტარი უკვე გააკეთა. მხოლოდ ერთი რამის დამატება შემიძლია: რაც უფრო შორსმსროლელ შეიარაღებას გადასცემთ, ჩვენი ტერიტორიიდან მით უფრო შორს გადავწევთ ხაზს, რომლის მიღმიდანაც ნეონაცისტებს რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხის შექმნა შეეძლებათ". – თქვა ლავროვმა.

გასულ კვირაში აშშ-მ უკრაინისთვის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების, ცნობილი, როგორც HIMARS-ის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ამას გარდა, უკრაინას ამერიკული წარმოების M270-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით დიდი ბრიტანეთიც დაეხმარება. ამ სისტემებით უკრაინას რაკეტების სროლა დაახლოებით 80 კილომეტრის რადიუსზე შეეძლებათ.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები