რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს გადასცემს

გაერთიანებული სამეფოს მფლობელობაში მყოფი ამერიკული M270-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა 

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ამერიკული წარმოების M270-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს (MLRS) გადასცემს. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა ისაუბრა. 

"გაერთიანებული სამეფო უკრაინის გვერდზე დგას და აიღო წამყვანი როლი მისი გმირი სამხედროების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იარაღებით მომარაგებაში, რაც საკუთარი ქვეყნის დაცვისთვის სჭირდებათ". – თქვა უოლასმა. 

ბრიტანეთის მიერ გაგზავნილ M270-ებს რაკეტების სროლა, დაახლოებით, 80 კმ.-ის რადიუსზე შეეძლებათ, რაც, როგორც ბრიტანეთის განცხადებაშია ნათქვამი, "მნიშვნელოვნად ზრდის უკრაინის ძალებსი შესაძლებლობებს".

როგორც ბრიტანეთის საგარეო უწყება ამბობს, ნაბიჯი მჭიდროდ იყო კოორდინირებული აშშ-ს გადაწყვეტილებასთან, გაეგზავნათ უკრაინისთვის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები (HIMARS).

"როდესაც რუსების ტაქტიკა იცვლება, უნდა შეიცვალოს უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერაც. ეს მაღალი შესაძლებლობის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მისცემს საშუალებას უკეთესად დაიცვან თავები რუსეთის მიერ დიდი რადიუსის მქონე არტილერიის დაუნდობელი გამოყენებისგან, რასაც პუტინის ძალები ქალაქების გასანადგურებლად განურჩევლად იყენებენ". – თქვა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა. 

ბრიტანეთის მხარის ცნობით, უკრაინელ სამხედროებს MLRS-ების გამოყენებაში ბრიტანეთში გაწვრთნიან.

აქამდე, გუშინ, 1-ელ ივნისს აშშ-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას HIMARS-ის სისტემები გაუგზავნოს, რაც მათ ძალებს დაახლოებით 80 კილომეტრით დაშორებულ სამიზნეებზე წვდომას მისცემს.

კომენტარები