უკრაინა-პოლონეთი

ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტს ჩამორთმეული "თეთრი არწივის" ორდენი ფოსტით დაუბრუნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონური თეთრი არწივის ორდენი ვარშავას ფოსტით დაუბრუნა მას შემდეგ, რაც პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ მას სახელმწიფო ჯილდო ჩამოართვა, რადგან ზელენსკიმ სამხედრო დანაყოფს იმ დაჯგუფების სახელი დაარქვა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ეთნიკური პოლონელების ხოცვა-ჟლეტას ხელმძღვანელობდა.

ორდენი პოლონეთში ზელენსკიმ უკრაინული საფოსტო სერვისის, Nova Post-ის მეშვეობით გაგზავნა, რომელსაც პოლონეთის მასშტაბით ფილიალები აქვს გახსნილი, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა პოლონელ ხალხს მადლობა გადაუხადა რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის წინააღმდეგ მათი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის.

"პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის თანხმობის ფონზე, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ დანაყოფს "УПА-ს გმირების" სახელი დაერქვას,"... მე გადავწყვიტე, რომ უკრაინის პრეზიდენტს თეთრი არწივის ორდენი ჩამოვართვა." – განაცხადა ნავროცკიმ 19 ივნისს და განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო მიმართული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

"ეს არ წარმოადგენს პოლონეთის უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებაში ცვლილებას." – დაამატა ნავროცკიმ.

ნავროცკის გადაწყვეტილების გამო უკრაინასა და პოლონეთს შორის დიპლომატიური კრიზისს კიდევ უფრო გაღრმავდა იმ ფონზე, როცა რამდენიმე დღეში პოლონეთის ქალაქ გდანსკში უკრაინის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით კონფერენციის გამართვა იგეგმება.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესების გამო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ აღნიშნა, რომ "ისტორიისა და ორდენების ომში გამარჯვებული მხოლოდ მოსკოვია".

თავის მხრივ, ზელენსკიმ დაწერა, რომ თეთრი არწივის ორდენი "წარმოადგენს სპეციალურ კავშირს პოლონეთის სახელმწიფოსთან და ხალხისგან განსაკუთრებულ მადლიერებას. მსგავსი სიმბოლო საჭიროებს არა მხოლოდ დამსახურებას, არამედ ასევე პატივისცემასაც იმ ღირებულებების მიმართ, რომლებიც ჩვენი საზოგადოების საფუძვლებს ქმნიან."

"შესაბამისად, თუ მიიჩნევა, რომ ეს სპეციალური სიმბოლო შეიძლება დარჩეს ეკატერინე II-ეს, ბენიტო მუსოლინისა და გერჰარდ შრედერს, მაშინ ჩვენ უკრაინაში ამას არ შევეწინააღმდეგებით." – დაამატა მან და გაიხსენა ისტორიიდან ის ფიგურები, რომლებისთვისაც პოლონეთს სახელმწიფო ჯილდო არ ჩამოურთმევია.

ამას გარდა, ზელენსკისთვის ორდენის ჩამორთმევის შემდეგ პოლონეთისგან მიღებულ ჯილდოებსა და ორდენებზე უარი თქვეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა და პოლონეთში უკრაინის ელჩმა, ვასილ ბონდარმა. 

ცნობისთვის, 27 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომელშიც უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალების ოპერაციები ცენტრს "УПА-ს გმირების" პატივსაცემი სახელი დაარქვა. ზელენსკის თქმით, ეს გადაწყვეტილება "ეროვნული არმიის ისტორიული ტრადიციების აღდგენის მიზნით" მიიღო. 

უკრაინის მეამბოხეთა არმია (УПА) პარტიზანული ფორმირება იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფოსთვის ბრძოლის ფარგლებში შეიქმნა. თუმცა, დაჯგუფება ასევე პასუხისმგებელია "ვოლინის ხოცვა-ჟლეტაზეც," რასაც ათეულობით ათასი პოლონელი ემსხვერპლა, ძირითადად, მშვიდობიანი მოსახლეობა. პოლონური მხარის შეფასებით, მომხდარი უკრაინის მეამბოხე არმიის მიერ ჩადენილი გენოციდი იყო, ხოლო უკრაინა ჩადენილ დანაშაულებზე ორმხრივი პასუხისმგებლობის აღიარებას ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკის გადაწყვეტილება პოლონეთის სოლიდარობის მოძრაობის ლიდერმა და ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლეხ ვალენამაც გააკრიტიკა, რომელმაც დაწერა, რომ ამ ნაბიჯით ზელენსკიმ მას და მოკლულ პოლონელ თანამემამულეებს შეურაცხყოფა მიაყენა.

"უკრაინის პრეზიდენტმა, УПА-ს ბანდიტებისთვის პატივის მიგებით, მე და ჩვენს მოკლულ თანამემამულეებს შეურაცხყოფა მოგვაყენა. ამიტომ მე გულ-მკერდიდან საჯაროდ უკრაინულ დროშას მოვიხსნი. საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში ერისთვის მხარდაჭერას გავაგრძელებ. მე უარს ვამბობ პრეზიდენტი ზელენსკის მხარდაჭერაზე!" – დაწერა ვალენსამ Facebook-ზე 28 მაისს. 

კომენტარები