რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: უკრაინის მოთხოვნა აშშ-ს მოწინავე რაკეტებზე პირდაპირი პროვოკაციაა

სერგეი ლავროვი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ უკრაინის მოთხოვნები დასავლეთის მხრიდან მოწინავე რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით "ყველანაირ ზღვარს და წესიერებას" სცილდება და არის "პირდაპირი პროვოკაცია".

"რისკები, [მესამე ქვეყნების უკრაინის კონფლიქტში ჩართვის] რომელსაც კიევის რეჟიმი მისი დასავლელი პატრონებისგან ასე კატეგორიულად ითხოვს, მე ვიტყოდი, რომ, პირველ რიგში, ყველა ზღვარს, წესიერებისა და დიპლომატიური კომუნიკაციის ნორმებს სცილდება. ასევე, ეს არის პირდაპირი პროვოკაცია, რომელიც დასავლეთის საომარ მოქმედებებში ჩაბმას ისახავს მიზანად. რა თქმა უნდა, საღად მოაზროვნე დასავლელ პოლიტიკოსებს ესმით ეს რისკები, თუმცა, ყველას არა.

ევროკავშირში, განსაკუთრებით, მის ჩრდილოეთ ნაწილში, არიან პოლიტიკოსები, რომლებიც თავიანთი ამბიციების დასაკმაყოფილებლად ყველაფრისთვის მზად არიან. მაგრამ ევროკავშირის სერიოზული ქვეყნები, რა თქმა უნდა, მსგავსი სცენარის უარყოფით მხარეს კარგად იაზრებენ და ჩვენ ახლახანს ვაშინგტონისგან გონივრული შეფასებების ნიშნები მოვისმინეთ". - თქვა ლავროვმა საუდის არაბეთში გამართულ პრესკონფერენციაზე.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები