რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარიუპოლში, ნანგრევებში კიდევ 70 ადამიანის ცხედარი იპოვეს – ქალაქის მერის მრჩეველი

REUTERS

მარიუპოლში, კუინჯის ქუჩაზე, ყოფილი "ოქტომბრის" ქარხნის ტერიტორიაზე, ნანგრევების გასუფთავების დროს, დაახლოებით 70 ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პიოტრ ანდრიუშენკომ განაცხადა.

"მიზეზი იგივეა. დაბომბვის შემდეგ ხალხი ნანგრევებში ჩაკეტეს. ოკუპანტებმა ცხედრები პოლიეთილენის ტომრებში ჩააწყვეს და სოფელ სტარი კრიმში მდებარე მასობრივ სასაფლაოზე დასაკრძალად წაიღეს. ოკუპანტებს ცხედრების იდენტიფიცირება არ მოუხდენიათ". - ამბობს ანდრიუშენკო.

უკრაინის მონაცემებით, ოკუპანტებმა მარიუპოლიდან დაახლოებით 50 000 მშვიდობიანი მოქალაქე იძულებით გადაასახლეს. უკრაინის ხელისუფლება, ამ დრომდე, მათი ადგილმდებარეობის გარკვევას ცდილობს.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები