რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევში ქალი მოკლეს, რომელიც ძროხებს აძოვებდა

რუსი სამხედრო უკრაინაში

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ნიკოლაევის ოლქში, ბერეზნეჰუვატეს დასახლების გარეუბანში ორ ქალს, რომლებიც ძროხებს აძოვებდნენ, ცეცხლი გაუხსნეს. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია ნიკოლაევის რეგიონალურმა საბჭომ გაავრცელა.

"ოკუპანტები ნიკოლაევის ოლქის დაბომბვას აგრძელებენ. ისინი აზიანებენ და ანადგურებენ სახლებსა და სხვა სამოქალაქო ობიექტებს. ბოლო 24 საათში ნიკოლაევში 14 ადამიანი დაშავდა. საბედნიეროდ, მათ შორის ბავშვები არ არიან. ყველას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, დიდი მადლობა ექიმებს". - წერს რეგიონალური საბჭო ფეისბუქის გვერდზე.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები