რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკში სკოლა დაბომბეს – 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

Telegram/Сергій Гайдай

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქალაქი სევერედონეცი დაბომბეს. რუსების იერიშების შედეგად, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ სასწავლო დაწესებულების შენობას 200-ზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს, რომელთაგან უმეტესობა ბავშვი იყო. ამის შესახებ ინფორმაცია ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა.

"რაშისტებმა სევეროდონეცკში საარტილერიო შეტევა განახორციელეს. დაბომბილ სკოლის შენობას ბავშვებიც აფარებდნენ თავს, თუმცა, მათ შორის მსხვერპლი არ ყოფილა. ლუგანსკის ოლქის პოლიცია ცდილობს, რომ გადარჩენილი ადამიანები სხვა თავშესაფარში გადაიყვანოს. გთხოვთ, თუ ამ ქალაქში რჩებით, ყოველთვის თავშესაფრებში იყავით". - წერს გაიდაი.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები