რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შვედების ნაცვლად გადაწყვეტილებებს ამერიკელები იღებენ – ზახაროვა NATO-შვედეთზე

მარია ზახაროვა
The Times

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა Telegram-ზე შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხს შეეხო და შვედეთის მთავრობა აშშ-ს მარიონეტობაში დაადანაშაულა.

"მეგობრებზე" საუბრისას აღსანიშნავია, რომ "ისტორიული" გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს ამერიკელი სენატორები სტოკჰოლმში იმყოფებოდნენ. არა რიგითი კონგრესმენები, არამედ სენატში რესპუბლიკელთა ლიდერი - მიჩ მაკკონელი. შვედეთი ჯერ არ შეერთებია სამხედრო ალიანსს, თუმცა აშშ უკვე მათ შიდა საქმეებში ერევა - იმაში, თუ რა უნდა უთხრას შვედეთის ხელისუფლებამ თავის ხალხს. ეს მხოლოდ დასაწყისია იმისა, რაც მათ მოელით.

200 წელზე ხანგრძლივი ნეიტრალიტეტი, რომელიც სამეფოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტია იყო, წარსულს ჩაბარდა.

რატომ არ ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის ჩატარებაც ლიბერალიზმის (რომლის შესახებაც [დასავლეთში] ჯერჯერობით არავინ არაფერი იცის) ყველა კანონის მიხედვით შეიძლებოდა? მხოლოდ იმიტომ, რომ შვედეთის საზოგადოების აზრი დიდი ხანია მთავრობას აღარ აინტერესებს - შვედების ნაცვლად გადაწყვეტილებებს ამერიკელები იღებენ ". - წერს ზახაროვა.

12 მაისს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომ ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს". რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უსაფრთხოების პოლიტიკის სასწრაფო გადახედვა გამოიწვია როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში.  

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინელ კოლეგა საული ნიინისტესთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ ქვეყნის ნეიტრალიტეტზე უარის თქმა და NATO-ში გაწევრიანება შეცდომა იქნება, რომელმაც, შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დააზიანოს.

ამასთან ერთად, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განმარტა, თუ რატომ განსხვავდება რუსეთის რეაქცია უკრაინისა და ფინეთ-შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ. პესკოვმა ყურადღება გაამახვილა, რომ რუსეთს არ აქვს ტერიტორიული დავა არც ფინეთთან და არც შვედეთთან მაშინ, როდესაც უკრაინა "შეიძლება გახდეს NATO-ს წევრი, შემდეგ მოსკოვს ტერიტორიული დავა ექნება ალიანსის წევრ სახელმწიფოსთან, რაც უზარმაზარ რისკებს შეიცავს მთელი კონტინენტისთვის".

15 მაისს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იან სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ალიანსი შეძლებს დისკუსიისა და განხილვების შედეგად საერთო ენის გამონახვას და კონსენსუსის მიღწევას.

კომენტარები