შვედეთი-ფინეთი-NATO

ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების განაცხადს 18 მაისს წარადგენენ

Michael Campanella/Getty Images

ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს 18 მაისს წარადგენენ. ამის შესახებ შვედეთის პრემიერმინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა სტოკჰოლმში ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტესთან ერთად პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"დემოკრატიამ გაიმარჯვა, მთელი გაზაფხული ფინეთის დემოკრატიის ტრიუმფი იყო". – თქვა ფინეთის პრეზიდენტმა და ალიანსში გაწევრიანების შესახებ მოსახლეობის მხარდაჭერას გაუსვი ხაზი.

ფინეთსა და შვედეთში NATO-ში გაწევრიანების შესახებ აქტიური საუბრები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთის საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი წინა მონაცემებთან შედარებით 19%-ით – 62%-მდე იყო გაზრდილი.

ამავდროულად, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგია ალიანსის წევრი თურქეთი. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის გადასაბირებლად თურქეთში ჩასვლაზე არ უნდა შეწუხდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, წინააღმდეგობის მიზეზი ფინეთისა და შვედეთის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის/სახალხო თავდაცვის შენაერთის (PKK/YPG) მხარდაჭერაა, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, რომ კანდიდატმა ქვეყანამ ალიანსის ყველა წევრისგან მიიღოს რატიფიცირება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას შეცდომა უწოდა, თუმცა, მისი თქმით, მათ ხარჯზე NATO-ს გაფართოებით რუსეთს პირდაპირი საფრთხე არ ექმნება.

კომენტარები