შვედეთი-ფინეთი-NATO

თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. შესაბამის ინფორმაციას ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მადრიდში, NATO-ს სამიტის დაწყებამდე ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მედიაციით, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფინეთისა და შვედეთის ლიდერებს შეხვდა და მათთან შეთანხმებას მიაღწია.

შეხვედრის შედეგად, ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამმხრივი მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც ადასტურებს, რომ მადრიდში გასამართ სამიტზე თურქეთი მხარს დაუჭერს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯებზე შეთანხმება მომდევნო ორ დღეში მოხდება, თუმცა გადაწყვეტილება გარდაუვალია.

მემორანდუმი ხაზს უსვამს ფინეთის, შვედეთისა და თურქეთის ვალდებულობას, გააღრმავონ ერთმანეთისთვის თავდაცვის საფრთხეების წინააღმდეგ მხარდაჭერა.


18 მაისს ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განაცხადები ოფიციალურად გადასცეს. ფინეთსა და შვედეთში NATO-ში გაწევრიანების შესახებ აქტიური საუბრები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთის საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი წინა მონაცემებთან შედარებით 19%-ით – 62%-მდე იყო გაზრდილი.

ამავდროულად, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგია ალიანსის წევრი თურქეთი. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის გადასაბირებლად თურქეთში ჩასვლაზე არ უნდა შეწუხდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, წინააღმდეგობის მიზეზი ფინეთისა და შვედეთის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის/სახალხო თავდაცვის შენაერთის (PKK/YPG) მხარდაჭერაა, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, რომ კანდიდატმა ქვეყანამ ალიანსის ყველა წევრისგან მიიღოს რატიფიცირება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას შეცდომა უწოდა, თუმცა, მისი თქმით, მათ ხარჯზე NATO-ს გაფართოებით რუსეთს პირდაპირი საფრთხე არ ექმნება.

კომენტარები