შვედეთი-ფინეთი-NATO

შვედეთმა თურქეთს ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრი გადასცა – თურქული მედია

შვედეთმა დაადეპორტა მაჰმუთ თათი, რომელიც თურქისტანის მუშათა პარტიის წევრობისთვის თურქეთში გაასამართლეს. თურქეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, თათი 3 დეკემბერს სტამბოლის ციხეში გაგზავნეს.

მაჰმუთ თათმა თავშესაფარი შვედეთს 2015 წელს სთხოვა, მას შემდეგ, რაც მას თურქეთის სასამართლომ 6 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შვედეთის მიგრაციის სააგენტომ თათის განაცხადი უარყო. 

შვედეთის მიგრაციის მინისტრის, მარია მალმერ სტენერგარდის თქმით, გადაწყვეტილების მიღებაში მთავრობა არ ჩარეულა.

"ეს დეპორტაციის საქმეს ეხება, რომლის ფარგლებშიც, პირს თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვა. ხელისუფლებას აქ არავითარი როლი არ აქვს". - თქვა სტენერგარდმა. 

PKK ანკარას, ვაშინგტონისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. ამ ჯგუფთან კავშირშია YPG-იც, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებად თურქეთის მიერაა გამოცხადებული, თუმცა აშშ-ს მხარდაჭერილი სირიული დემოკრატიული ძალების ნაწილია. სირიის დემოკრატიული ძალები სირიაში ისლამური სახელმწიფოს ტერორისტულ ჯგუფებს ებრძოდა.

"ტერორისტული თავდასხმები ჩვენს მოქალაქეებზე ზოგიერთი ქვეყნის მიერ ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერის პირდაპირი და არაპირდაპირი შედეგებია". – თქვა თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების მეთაურმა, ფაჰრეტინ ალთუნმა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პირობა დადო, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან.

PKK ხშირად ხდება თურქეთის ოპერაციების სამიზნე ჩრდილოეთ ერაყში, სადაც ასევე ქურთები ცხოვრობენ. ამას გარდა ანკარა შვედეთის NATO-ში შესვლას ბლოკავს ბრალდების გამო, რომ ისინი PKK-ს მფარველობენ.

კომენტარები