ფინეთი-NATO

ფინეთის პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

Heikki Saukkomaa/Lehtikuva/Reuters

ფინეთის პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებას მხარი 188 დეპუტატმა დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგი იყო.

"პარლამენტი მხარს უჭერს ფინეთის განაცხადს NATO-ში გაწევრიანების შესახებ. პარლამენტმა გადაწყვეტილება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშის შესაბამისად მიიღო". – ნათქვამია ფინეთის პარლამენტის განცხადებაში.

რუსეთის მეზობელ ფინეთში NATO-ში გაწევრიანების შესახებ აქტიური საუბრები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო. გასულ დღეებში ფინეთთან ერთად შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ფორმალურად მოითხოვონ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთის საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი წინა მონაცემებთან შედარებით 19%-ით – 62%-მდე იყო გაზრდილი.

ამავდროულად, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგია ალიანსის წევრი თურქეთი. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის გადასაბირებლად თურქეთში ჩასვლაზე არ უნდა შეწუხდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, წინააღმდეგობის მიზეზი ფინეთისა და შვედეთის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის/სახალხო თავდაცვის შენაერთის (PKK/YPG) მხარდაჭერაა, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, რომ კანდიდატმა ქვეყანამ ალიანსის ყველა წევრისგან მიიღოს რატიფიცირება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას შეცდომა უწოდა, თუმცა, მისი თქმით, მათ ხარჯზე NATO-ს გაფართოებით რუსეთს პირდაპირი საფრთხე არ ექმნება.

კომენტარები