ფინეთი-NATO

14 მაისიდან რუსეთი ფინეთში ელექტროენერგიის ექსპორტს წყვეტს

ხვალიდან, 14 მაისიდან რუსეთი ფინეთში ელექტროენერგიის ექსპორტს წყვეტს. განცხადებას ფინეთის ელექტროქსელის კომპანია Fingrid-ი ავრცელებს

განცხადების მიხედვით, რუსული Inter RAO-ს შვილობილი კომპანია, RAO Nordic Oy ექსპორტს 14 მაისს შეაჩერებს - კომპანია მიზეზად ასახელებს, რომ 6 მაისიდან გაყიდული ელექტროენერგიის საფასური არ მიუღია, რაც, მათივე განცხადებით, ვაჭრობის ისტორიის 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი შემთხვევაა. 

Fingrid-ის განცხადებით, რუსეთის მიერ ექსპორტის შეწყვეტა საფრთხეს არ შექმნის, რადგან, მათივე ცნობით, რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგია მთლიანი მოხმარების 10% იყო. ფინეთი აპირებს, დანაკლისი შვედეთიდან იმპორტის გაზრდითა და ქვეყნის შიგნით მეტი ელექტროენერგიის გამომუშავებით შეავსოს.  

გუშინ, 12 მაისს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომ ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს".  

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უსაფრთხოების პოლიტიკის სასწრაფო გადახედვა გამოიწვია როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში.  

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

კომენტარები