ფინეთი-NATO

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: NATO-ში გაწევრიანება გააძლიერებს რეგიონის უსაფრთხოებას

AP 

"თუ ფინეთი გადაწყვეტს ნატოში შესვლას, მისი გაწევრიანება გააძლიერებს ბალტიის რეგიონის და ჩრდილოეთ ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას". – ამბობს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო.

მინისტრის თქმით, ფინეთი აკმაყოფილებს ყველა იმ თავდაცვის კრიტერიუმს, რაც ნატოში გაწევრიანებისთვის არის საჭირო.

"ნატოს გადმოსახედიდან, ფინეთს აქვს მყარი დემოკრატიული გამოცდილება რაც პასუხობს ნატოს წევრობის კრიტერიუმებს და ასევე აქვს ძლიერი, სანდო ეროვნული თავდაცვა, რაც არის ნატოსთან შეთავსებადი". – თქვა ჰაავისტომ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უსაფრთხოების პოლიტიკის სასწრაფო გადახედვა გამოიწვია როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში.  

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

შვედეთის NATO-ში შესვლას მხოლოდ მწვანე და მემარცხენე პარტიები ეწინააღმდეგებიან. ამასთან ერთად, შვედეთის NATO-ში შესვლა სწორედ სამთავრობო პარტიაზეა დამოკიდებული.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

 

 

კომენტარები