რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

REUTERS: აზოვსტალის ტერიტორიიდან სამხედროები გამოჰყავთ, რაც ალყის დასასრულზე მიანიშნებს

Reuters-ის ცნობით, მარიუპოლში აზოვსტალის ფოლადის ქარხნის ტერიტორიიდან უკრაინულმა ქვედანაყოფმა სამხედროების გამოყვანა დაიწყეს, რაც უკრაინაში ომის "ყველაზე გრძელი და სისხლიანი ალყის დასრულებაზე უნდა მიანიშნებდეს". 

გამოცემის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ათობით ავტობუსი შეიმჩნეოდა, რითიც სავარაუდოდ უკრაინელი მებრძოლები ტოვებენ ქარხანას. საბჭოთა ქარხანაში 600-მდე მებრძოლი, მათ შორის ათობით დაჭრილი, იმყოფებოდა. Reuters-მა ვერ დაადგინა, რამდენმა მებრძოლმა მოახერხა ქარხნის დატოვება.

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, აზოვსტალიდან თავდაპირველად 60 ადამიანის გამოყვანაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. მისივე ცნობით, რუსეთი ყველა ადამიანის ერთად გამოყვანას არ თანხმდება. 

12 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზოვსტალიდან სამხედროების ევაკუაცია თურქეთის შუამავლობით იგეგმება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები