პურის ფასი

დავითაშვილი: ფქვილი არის, პურის ფასის გაზრდის წინაპირობა დღეს არ არსებობს

"ფქვილი არის. სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მოსახლეობას პრობლემა არ აქვს" - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ხორბლის დეფიციტთან დაკავშირებულ კითხვას.

"ჩვენთვის მთავარი ამოსავალია, რომ იყოს ხელმისაწვდომობა პურზე მოსახლეობისთვის და ასევე, იყოს რაც შეიძლება ხელმისაწვდომი ფასები, გაზრდა არ არის მთავრობის და საზოგადოების ინტერესებში.

ამიტომ, ჩვენ რომ ხელოვნური ბარიერები შევქმნათ ფქვილის იმპორტის, ეს მიუღებელია. მთავარია, გვქონდეს დეტალური მონიტორინგი იმისა, რომ სასურსათო მონიტორინგი მოვახერხოთ და ეს ასეც იქნება, ამაზე პასუხისმგებლობა აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ძალიან კარგად ართმევს თავს" - ამბობს დავითაშვილი.

კითხვაზე, გაიზრდება თუ არა პურის ფასი, ეკონომიკის მინისტრი პასუხობს, რომ "პურის ფასის გაზრდის წინაპირობა დღეს არ არის, თუ გარემო-ფაქტორები შეიცვლება, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა, ამ გარემო-ფაქტორების გათვალისწინებით დღევანდელ ითარებაში ამას არ აქვს წინაპირობა".

რაც შეეხება ხორბალს, ეკონომიკის მინისტრის მტკიცებით, ქვეყანაში "გარკვეული მარაგები" არსებობს.

"საქართველო დღეს არის ტრანზიტული ქვეყანა, რომლის საპორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით დაინტერესებულია მათ შორის ხორბლის ექსპორტიორი ქვეყნები, ჩვენს კორიდორში ხორბალი მოძრაობს და აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების საკითხები გათვალისწინებულია და ქვეყანას არ აქვს პრობლემები" - თქვა დავითაშვილმა.


საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება. სილაგავა აღნიშნავს, რომ დღეს ქვეყანაში მხოლოდ ფქვილი შემოდის, ხორბალი კი შეკვეთილიც არაა. სილაგავას განმარტებით, მიზეზი ისაა, რომ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი არ არის, ხორბალზე კი - მცურავი ბაჟი მოქმედებს.

"ხორბლის შემოტანას უკვე თვეებია, აზრი აქვს დაკარგული იქიდან გამომდინარე, რომ საიმპორტო გადასახადი ფქვილზე ნულია, ხორბალზე კი მცურავი ბაჟია - დღეს ტონაზე 120 დოლარია, რაც დიდი სხვაობაა. აქედან გამომდინარე, თვეებია, ფქვილი აგრესიულად შემოდის და ხორბალს ანაცვლებს. დღეს მივედით იმ სიტუაციამდე, როდესაც ხორბლის მარაგი, რაც ადრე იყო, ფაქტობრივად ამოწურულია და წისქვილები უახლოესი დღეების განმავლობაში ჩერდება. წისქვილების თემასთან დაკავშირებით საკითხი ამოწურულია, შეიძლება ითქვას, ყველა წისქვილი გაჩერდა. საქართველოში შემოსატანად ხორბალი შეკვეთილი არაა და შემოდის ფქვილი.

მარაგებს რაც შეეხება, გაერო-ს რეკომენდაციაა, რომ ხორბლის 2-თვიანი მარაგი უნდა იყოს და არა ფქვილის. ჩვენთან, სამწუხაროდ, არსებული სიტუაცია გაერო-ს რეკომენდაციას არ შეესაბამება - ხორბლის მარაგები საერთოდ არ გვაქვს, ხოლო ფქვილის მარაგი რამდენი გვაქვს, ეს პურის მწარმოებლების და მთავრობის საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ხორბალი ფქვილით ჩანაცვლდა, პურის ფასი მაინც გაიზარდა, წინა წელს 24%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ფქვილის შემოტანა ჯერ კიდევ წინა წლის ივლისში დაიწყო. ამ წელსაც პურის ფასმა მოიმატა“,- უთხრა სილაგავამ ინტერპრესნიუსს.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. მათი მთავარი წინადადებაა, ფქვილის იმპორტისა და ხორბლის იმპორტის გადასახადებს შორის არსებული სხვაობა გათანაბრდეს. სილაგავას თქმით, "საკითხი პრემიერმა ერთპიროვნულად უნდა გადაწყვიტოს", რადგან სამუშო ჯგუფმა თავისი თავი ამოწურა.

"საუბარი იყო ნებისმიერი სახის ინსტრუმენტზე, რაც ფქვილის იმპორტის დროს ჩაიდებოდა - ან წინა საიმპორტო ნებართვაში მოხდებოდა ამ თანხის გათვალისწინება, ან ფქვილის იმპორტის დროს გარკვეული მოსაკრებელი იქნებოდა. ამ შემთხვევაში ბიუჯეტში შევიდოდა გადასახადი ფქვილის იმპორტიდან და გათანაბრდებოდა პირობები ხორბლის შემომტან წისქვილკომბინატებსა და ფქვილის იმპორტიორებს შორის. ეს საშუალებას მოგვცემდა, რომ ფქვილის ადგილობრივ გამოშვებას, ანუ წისქვილკომბინატებს მუშაობა გაეგრძელებინათ.

ამასთან, ხორბლის შემოტანის შემთხვევაში საქართველოში გამოდის არა მხოლოდ ფქვილი, არამედ ქატო. ქატოს ფასიც სერიოზულადაა გაზრდილი საქართველოში, რაცა ასევე უარყოფითი ეფექტია ფქვილის იმპორტისა. ამას ავცდებოდით და შევინარჩუნებდით სამუშაო ადგილებსაც. წისქვილკომბინატების მუშაობის შედეგად ყველა გადასახადი - ელექტროენერგიის, წყლის, საშემოსავლო, საქართველოს ბიუჯეტში შევიდოდა, დღეს კი, როდესაც იმპორტზე ვართ დამოკიდებული, შედის იმ ქვეყნის ბიუჯეტში, საიდანაც მოგვაქვს ფქვილი. ასევე ერთი საკითხია ის, რომ ხორბლის გარდამავალი მარაგები იქნებოდა ქვეყანაში, რაც მეტი უსაფრთხოების მომცემია. ასევე არის თემა, რაც რამდენიმე თვეში დადგება - ადგილობრივი ხორბლის მოსავალი მოდის უახლოეს მომავალში და ამას ვხვდებით წისქვილების გაჩერებით“,- თქვა სილაგავამ.

კომენტარები