პურის ფასი

მთავრობა ფქვილის სუბსიდირებას წყვეტს - პურის ფასი, შესაძლოა, გაიზარდოს

Getty Images

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, დღეიდან, პირველი ივლისიდან, ფქვილის სუბსიდირების პროგრამა აღარ გაგრძელდება. მინისტრის თქმით, ახლა სუბსიდირების შესაწყვეტად უპრიანი პერიოდია, რადგან საქართველოში ადგილობრივი ხორბალი შემოდის.

"ჩვენ ხორბლის სუბსიდირება დავამთავრეთ, ასე იყო დაანონსებული, ეს არის ალბათ ყველაზე უპრიანი მომენტი, როდესაც საქართველოში ადგილობრივი ხორბალი შემოდის და ყველაზე ნაკლები წნეხი ფასებზე იქნება ამ პერიოდში, ამიტომ ყველაზე რთული, ზამთრის პერიოდი, როდესაც ქვეყანაში გვესმის, რომ სასურსათო, ადგილობრივი, სეზონური პროდუქტების ნაკლებობაა და ამ დროს არის მეტი იმპორტირებული პროდუქცია, შეიძლება მეტი ყოფილიყო წნეხი იმავე მოსახლეობის სოციალურ ფონზე, აქედან გამომდინარე, ჩვენი ინტერვენცია, ჩარევა, იყო პასუხისმგებლიანი", - თქვა ლევან დავითაშვილმა.

მთავრობამ ფქვილის ფასის სუბსიდირება 2020 წლის დეკემბერში დაიწყო, რაც პურზე ფასების ზრდის შეჩერებას 4 თვით ისახავდა მიზნად და პროგრამისთვის 10 მლნ ლარამდე იყო გათვალისწინებული. სუბსიდირების შეწყვეტა, სავარაუდოდ, პურის ფასის ზრდას გამოიწვევს.

პროგრამის ფარგლებში წისქვილ-კომბინატებს პურის საცხობი საწარმოებისთვის 1 [50 კილოგრამიანი] ტომარა ხორბლის ფქვილის გაყიდვა, მაქსიმუმ, 53 ლარად შეეძლოთ. ყოველ ტომარაში სუბსიდიის თანხა თავდაპირველად 10 ლარი იყო, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდასა და მეხორბლეების მოთხოვნასთან ერთად სუბსიდიის თანხა ჯერ 15 ლარამდე, ხოლო შემდეგ 20 ლარამდე გაიზარდა და პროგრამა კიდევ 3 თვით, ივნისის ბოლომდე გახანგრძლივდა. საერთო ჯამში, პროგრამის ფარგლებში 16 მლნ ლარამდე დაიხარჯა.

პურის ქარხნების მოლოდინით, შესაძლოა, პურის ფასი ნახევარ კილოზე 20-25 თეთრით გაძვირდეს, რადგან სუბსიდირებით პურზე არსებული ფასის შენარჩუნებას ვეღარ შეძლებენ, გამომდინარე იქიდან, რომ ფასები გაზრდილია ყველა იმ კომპონენტზე, რომელიც პურის ღირებულებას განსაზღვრავს, სულ სუბსიდირებაზე ყოფნა კი სახელმწიფოსთვის შეუძლებელი იქნება.

კომენტარები