პურის ფასი

დავითაშვილი: წინაპირობები იმისა, რომ პურის ფასი გაიზარდოს, დღეს ბაზარზე არ არსებობს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

"წინაპირობები იმისა, რომ პურის ფასი გაიზარდოს, დღეს ბაზარზე არ არსებობს" - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ისაუბრა. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დავითაშვილს ჰკითხეს, იგეგმება თუ არა პურის რეალიზაციის საცალო ფასის დაწესება. 

დავითაშვილის თქმით, სამინისტროს "ძალიან ინტენსიური კავშირი" აქვს, როგორც პურის მრეწველთა კავშირთან, ასევე ინდივიდუალურ საწარმოებთან იმისთვის, რომ პურის ფასი შენარჩუნდეს. 

"მხოლოდ კომუნიკაცია ან მხოლოდ ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, ვერ მოგვცემს დაფიქსირებული ფასის გადაწყვეტის საშუალებას. ჩვენ ქმედითი მექანიზმები უნდა შევთავაზოთ სექტორს და ქმედითი მექანიზმი იყო ზუსტად ის პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ აამუშავა", - თქვა მინისტრმა. 

დავითაშვილის განმარტებით, პროგრამა ორ რამეს გულისხმობდა - ერთი მხრივ, კომპანიების წახალისება მეტი მარაგის შესაქმნელად და მეორე ის, რომ ფქვილის ფასი, რომელიც პურის წარმოების ძირითადი ინგრედიენტია, "დაფიქსირებული იყოს". 

"აქ ჩვენ დავაწესეთ უმაღლესი ზღვარი, რომ კონკრეტულად ტომარა ფქვილის ფასი არ აღემატება 51 ლარს. ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ პურის ფასი არ გაძვირდეს და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც პურის ფასში მონაწილეობს, არის ენერგომატარებლები. ძირითადმა კომპანიებმა, რომლებიც გაზს აწვდიან ჩვენს კომპანიებს, მიიღეს გადაწყვეტილება და მათ 10 თეთრით შეამცირეს ტარიფი პურის საცხობებისთვის", - ამბობს ლევან დავითაშვილი. 

კომენტარები