პურის ფასი

სუბსიდირების პროგრამა სრულდება - I ივლისიდან პური, შესაძლოა, 20-25 თეთრით გაძვირდეს

Getty Images

მიმდინარე წლის I ივლისიდან ხორბლის ფქვილის ფასის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა მთავრდება, რომლის არგაგრძელების შემთხვევაშიც, პურის ფასი, შესაძლოა, 20-25 თეთრით გაიზარდოს.

მთავრობამ ფქვილის ფასის სუბსიდირება 2020 წლის დეკემბერში დაიწყო, რომელიც პურზე ფასების ზრდის შეჩერებას 4 თვით ისახავდა მიზნად და პროგრამისთვის 10 მლნ ლარამდე იყო გათვალისწინებული. ამ პროგრამის ფარგლებში წისქვილ-კომბინატებს პურის საცხობი საწარმოებისთვის 1 [50 კილოგრამიანი] ტომარა ხორბლის ფქვილის გაყიდვა მაქსიმუმ 53 ლარად შეუძლიათ. ყოველ ტომარაში სუბსიდიის თანხა, თავდაპირველად, 10 ლარი იყო, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდასთან და მეხორბლეების მოთხოვნასთან ერთად, სუბსიდიის თანხა ჯერ 15 ლარამდე, ხოლო შემდეგ 20 ლარამდე გაიზარდა და პროგრამა კიდევ 3 თვით, ივნისის ბოლომდე გახანგრძლივდა. 

"სუბსიდირების პროგრამა გულისხმობს პურზე ფასის შეკავების მექანიზმს, ფქვილის სუბსიდირების მექანიზმის სახით. სუბსიდირების დაწყების შემდეგ ხორბლის ფასი მსოფლიო ბაზარზე სერიოზულად გაიზარდა, მათ შორის, რეგიონალურად, რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის ბაზარზე, შესაბამისად, საჭირო გახდა სუბსიდირების გაკეთება მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე, გამოკითხვების შედეგად, მოსახლეობა ამბობდა, რომ პურზე ფასი არ უნდა გაიზარდოს, შესაბამისად, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს მექანიზმი შემოეღო.

ფქვილში სუბსიდირებით იმიტომ, რომ პირდაპირ პურში სუბსიდირება იწვევდა, დაახლოებით, 2 500 წარმოებისთვის გარკვეული სუბსიდირების მიცემას, რაც რაოდენობრივად საკმაოდ დიდია, პურის მწარმოებლებთან შედარებით წისქვილ-კომბინატების სიმცირისგან გამომდინარე, აღსრულების და კონტროლის მექანიზმის მხრივ, შესაძლებელი იყო, რომ უფრო ეფექტური ყოფილიყო სუბსიდირება. 

სექტემბერში ხორბლის ფასი იყო $200, დეკემბერში კი - $280, რაც საკმაოდ მაღალი ზრდა იყო და შესაბამისად, ფქვილის ფასი გაიზარდა 53 ლარიდან 68 ლარამდე. პირველი სუბსიდირება განხორციელდა ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში, იყო 10 ლარიანი სუბსიდირება, თუმცა, რადგან ფასმა მოიმატა, სუბსიდირება გახდა 15 ლარი, ახლა კი არის 20 ლარი". –ამბობს ლევან სილაგავა, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

პურის ფასის ზრდის მიზეზი იმპორტირებული კომპონენტების, ძირითადად კი რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის ფასის გაძვირებაა. 13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ხორბლის და სხვა მარცვლეულის ექსპორტზე კვოტებს აწესებდა და ფასებს ზრდიდა. თავის მხრივ, საქართველოში ხორბლის ექსპორტი თითქმის სრულად არის დამოკიდებული რუსეთზე

გაგრძელდება თუ არა სუბსიდირების პროგრამა, თვის ბოლომდე გახდება ცნობილი, რაც, გარკვეულწილად, დამოკიდებული იქნება რუსეთში ხორბლის ახალი მოსავლის ფასზე.

"რაც შეეხება პურს, აქ არის ფქვილი, ენერგომატარებლები, საფუარი, მარილი, წყალი და ა.შ. ხორბალი განსაზღვრას მეტწილად, თუმცა პურის მწარმოებლებს ეს კომპონენტებიც გაძვირებული აქვთ ლარის კურსიდან გამომდინარე. იმპორტირებულია ზეთი, მარილი, საფუარი და ა.შ. შესაბამისად, ფქვილთან ერთად, მათ ამ კომპონენტებზე ფასის ზრდასთანაც უწევთ გამკლავება. მომავალ კვირაში ან ამ კვირის ბოლოს იქნება შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სადაც განისაზღვრება, გაგრძელდება სუბსიდირება თუ თავისუფალი ბაზრის პრინციპით გაგრძელდება მუშაობა. თუ სუბსიდირება გაგრძელდება, ეს იქნება 20 ლარზე ნაკლები, სადღაც 7 ლარის ფარგლებში.

დღეს საკმაოდ დამაიმედებელი პროგნოზები მოდის მსოფლიო ბაზრებიდან, 68 ლარიდან ფასი უკვე შემცირებულია და არის 60 ლარის ფარგლებში, შესაბამისად, იმ სამიზნე ფასამდე, რომელიც პურის მწარმოებლების მიერ არის დაანონსებული, ანუ 53 ლარამდე, დარჩენილია 7 ლარი, თუმცა ზუსტად არ ვიცით, 1 თვეში, როდესაც ხორბლის ახალი მოსავალი იქნება, დაიკლებს თუ არა ფასი, წინასწარ პროგნოზირება რთულია". – ამბობს სილაგავა.

პურის ქარხნების მოლოდინით, შესაძლოა, პურის ფასი ნახევარ კილოზე 20-25 თეთრით გაძვირდეს, რადგან სუბსიდირებით პურზე არსებული ფასის შენარჩუნებას ვეღარ შეძლებენ, გამომდინარე იქიდან, რომ ფასები გაზრდილია ყველა იმ კომპონენტზე, რომელიც პურის ღირებულებას განსაზღვრავს, სულ სუბსიდირებაზე ყოფნა კი სახელმწიფოსთვის შეუძლებელი იქნება.

პურის ფასის შესამცირებლად სუბსიდირების ნაცვლად, რომელიც მძიმე ტვირთია სახელმწიფოსთვის, ეწინააღმდეგება თავისუფალი ეკონომიკის პრინციპებს და ქმნის ბაზარზე არაჯანსაღ კონკურენციას, ალტერნატივა გადასახადების შემცირებაა, მათ შორის, აქციზის გადასახადის გაუქმება, საშემოსავლო თუ ქონების გადასახადების დაწევა. მაგალითად, ინვესტორთა საბჭოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის 20-დან 12%-მდე შემცირება ეკონომიკის 2.69%-ით ზრდას შეუწყობს ხელს.

ეკონომისტების აზრით, გადასახადების შემცირების რესურსი საქართველოს აქვს და პირველ რიგში, საშემოსავლო გადასახადის შემცირება ბიზნესს მისცემს საშუალებას, რომ მიაღწიოს ეკონომიკურ წინსვლას და გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები. თუმცა, მთავრობა გადასახადების გადახედვის საჭიროებას ჯერჯერობით ვერ ხედავს. ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ფიქრობს, რომ ეკონომიკური ზრდა ამ ეტაპზე იმდენად მაღალია, რომ გადასახადები შემზღუდავ როლს არ შეიძლება ასრულებდეს.

 

კომენტარები