პურის ფასი

ბოკერია: პურის ფასის შემცირების გზა გადასახადების დაწევაა და არა სუბსიდირება

გიგა ბოკერია
დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, ივლისიდან ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დასრულების შემდეგ პურის ფასის შესაძლო, 20-25 თეთრით ზრდას ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლება, სინამდვილეში, გაცილებით მეტ ფულს იღებს სხვადასხვა გადასახადით მოქალაქეებისაგან, იყენებს მას პოლიტიკური კორუფციისათვის და პატარა ნაწილს აბრუნებს მხოლოდ ეკონომიკაში სუბსიდიის სახით, რითაც ანგრევს თავისუფალ ეკონომიკას.

"ეს განაცხადი არის მაგალითი იმ უტიფრობის, როგორც ივანიშვილის რეჟიმი გვესაუბრება ჩვენ, ვითომ ეხმარება ხალხს სუბსიდირებით და თუ არ დაგეხმარებით, თქვენი ვითარება გაუარესდებაო.

რეალურად, ის ბევრად მეტ გადასახადს გვართმევს ჩვენ, მეწარმეებს, მოქალაქეებს, მომხმარებლებს და შემქმნელებს პროდუქტის, მათ შორის პურის, შემდეგ ამ ფულის დიდ ნაწილს ფლანგავს პოლიტიკურ კორუფციაზე, პატარა ნაწილს კი სუბსიდირებაზე აბრუნებს და ამით კიდევ უფრო ანგრევს თავისუფალ ეკონომიკას".– ამბობს ბოკერია.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას აქვს მარტივი გზა, რათა ასეთი გასაჭირის დროს შეუმსუბუქოს წნეხი მოსახლეობას, ეს არის გადასახადების დაწევა, მათ შორის აქციზის, საშემოსავლო და ქონების გადასახადის და არა ბევრი ფულის წართმევა ეკონომიკისათვის.

"მარტივი გზა არსებობს იმისათვის, რომ ასეთი გასაჭირის დროს შეუმსუბუქონ წნეხი ყველას, მათ შორის ფასებზე და პურის ფასზე. ეს არის გადასახადების დაწევა, დაწყებული აქციზის გადასახადის გაუქმებით, რასაც ჩვენ, ევროპული საქართველო, ვითხოვთ, გაგრძელებული ჩვენი ხედვით, საშემოსავლო გადასახადის, ქონების და მთლიანად, ეს არის გზა და არა ბევრი ფულის წართმევა ეკონომიკისათვის, მოქალაქეებისათვის, მეწარმეებისათვის და მერე პატარა ნაწილის სუბსიდირებით დაბრუნება და ამის დამადლება". – თქვა ბოკერიამ.

კომენტარები