რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხარკოვის ადმინისტრაცია: ქალაქში ყოველდღიურად უკვე 2 000 ადამიანი ბრუნდება

ხარკოვი

ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ადამიანები, რომლებმაც ომის დაწყების შემდეგ დატოვეს ხარკოვი, ქალაქში დაბრუნებას იწყებენ. 

"ახლა ჩვენთან ყოველდღიურად დაახლოებით 2000 ადამიანი ბრუნდება და ეს მაჩვენებელი დღითიდღე იზრდება.  ჩვენ უნდა მოვაგვაროთ საბინაო პრობლემები. მეტროში ახლა 4,5 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

ჩვენ გვჭირდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფა ინფრასტრუქტურის გამართვის მიზნით".- ამბობს სინებუგოვი. 

nstitute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის სამხედრო ძალებმა წარმატებული კონტრშეტევების შედეგად, დიდი ალბათობით, ხარკოვის ბრძოლა მოიგეს.

რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვის გარშემო პოზიციების მიტოვება დაიწყეს. ამასთან ერთად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს.

უკრაინის ქვედანაყოფები ბელგოროდსა და იზიუმის ირგვლივ ოკუპანტების შეზღუდვასა და საკომუნიკაციო ხაზების ჩაჭრას ცდილობენ.

ამასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა იზიუმ-დონეცკის მიმართულებით მცირე ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს. ანგარიშის მიხედვით, ომის ამ ეტაპზე, ოკუპანტების მიზანი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევაა.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები