რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელებმა ლუგანსკის ოლქში რუსული ვერტმფრენი Mi-24 ჩამოაგდეს

უკრაინულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში რუსული სამხედრო ვერტმფრენი Mi-24 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

"12 მაისს, ლუგანსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების 81-ე ცალკეული საავიაციო ბრიგადის საზენიტო მსროლელმა მტრის 4 ვერტმფრენი აღმოაჩინა და ერთ-ერთი მათგანი სტინგერის საშუალებით ჩამოაგდო". - წერს თავდაცვის სამინისტრო ტელეგრამის გვერდზე.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები