რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პროკოპენკო: სისხლისმღვრელი ბრძოლა მიმდინარეობს, ბრძანების შესრულებას გავაგრძელებთ

დენის პროკოპენკო

აზოვის პოლკის მეთაურმა, დენის პროკოპენკომ 4 მაისს აზოვსტალის ქარხნიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, მიმდინარეობს სისხლისმღვრელი ბრძოლა და სამხედროები ბრძანების შესრულებას გააგრძელებენ.

"მეორე დღეა, რაც მტერი ქარხნის ტერიტორიაზე შემოიჭრა. მიმდინარეობს მძიმე, სისხლისმღვრელი ბრძოლა. ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც მტრის იერიშის შესაჩერებლად ზეადამიანურ ძალისხმევას მიმართავენ. მადლობელი ვარ მთელი მსოფლიოსი, მარიუპოლის გარნიზონის კოლოსალური მხარდაჭერისთვის. ჩვენი სამხედროები ამას იმსახურებენ.  სიტუაცია ძალიან რთულია. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ვაგრძელებთ ბრძანების შესრულებას – დაცვის შენარჩუნებას". – თქვა პროკოპენკომ ვიდეომიმართვაში.


რუსი ოკუპანტები მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაში შეიჭრნენ.  აქამდე ისინი უკრაინელი სამხედროების დაცვის გარღვევას ვერ ახერხებდნენ. ქარხანაში შეჭრამდე ოკუპანტები ტერიტორიას ბომბავდნენ. 

ამასთან ერთად,უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტების მიერ აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიის დაკავების მცდელობა წარუმატებლად მიმდინარეობს.

19 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც მარიუპოლში უკრაინელთა ბოლო ძალებია გამაგრებული, იერიში დაიწყეს. ოკუპანტები იყენებდნენ მძიმე ბომბებს, ხსნიდნენ საარტილერიო და სატანკო ცეცხლს.

20 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზოვსტალზე შტურმი მიზანშეწონილი არ არის და მას თავდასხმის გაუქმება უბრძანა.  პუტინმა აზოვსტალის პოლკს დანებებისკენ მოუწოდა და ამტკიცებს, რომ მათი უსაფრთხოება საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით იქნება დაცული.

მაისში რუსმა ოკუპანტებმა აზოვსტალის ქარხანაზე მასიური იერიშები განაახლეს. აქამდე, ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია შესაძლებელი გახდა.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

მარიუპოლის მცველთა ერთ-ერთმა მეთაურმა, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგიი ვოლინამ ვიდეომიმართვაში მსოფლიოს ლიდერებს დახმარებისთვის მიმართა.

"ვიცავთ ერთ ობიექტს, ქარხანას, სადაც ომში მომწყვდეული მარიუპოლის სამხედრო გარნიზონი და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს დახმარებისთვის. ვთხოვთ გაყვანის პროცედურის შესრულებასა და ჩვენი მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაყვანას. მარიუპოლის გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია, არიან ასობით მოქალაქეები, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით. ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. მადლობა". – ამბობდა ვოლინა.

კომენტარები