რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"გადაგვიყვანეთ მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე" – მარიუპოლის მცველი მაიორი მსოფლიო ლიდერებს

36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მაიორი სერგიი ვოლინა

მარიუპოლის მცველთა ერთ-ერთმა მეთაურმა, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგიი ვოლინამ ვიდეომიმართვაში მსოფლიოს ლიდერებს მიმართა.

ვოლინას თქმით, ეს მიმართვა, შესაძლოა, მარიუპოლის მცველთა ბოლო გზავნილი იყოს.

"ეს არის ჩვენი მიმართვა მსოფლიოსთვის. ეს, შეიძლება, ჩვენი ბოლო გზავნილი იყოს. შეიძლება, მხოლოდ რამდენიმე დღე ან საათიც კი დაგვრჩა. მტრის ძალები ათჯერ აღგვემატება. ისინი აკონტროლებენ ცას. აქვთ საარტილერიო, სახმელეთო, ტანკებისა და ტექნიკის უპირატესობა". – თქვა ვოლინამ.

უკრაინელმა მაიორმა მიმართა მსოფლიო ლიდერებს თხოვნით, რომ ჯარისკაცები, მათ შორის 500-ზე მეტი დაჭრილი მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც თავს აფარებენ ქალაქში უკრაინელების მიერ კონტროლირებად ბოლო ობიექტს, მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაიყვანონ.

"ვიცავთ ერთ ობიექტს, ქარხანას, სადაც ომში მომწყვდეული მარიუპოლის სამხედრო გარნიზონი და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს დახმარებისთვის. ვთხოვთ გაყვანის პროცედურის შესრულებასა და ჩვენი მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაყვანას. მარიუპოლის გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია, არიან ასობით მოქალაქეები, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით. ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. მადლობა". – თქვა ვოლინამ.

ამას გარდა, უკრაინელმა გენერალმა აღნიშნა, რომ დანებებას არ აპირებენ და "სამხედრო ოპერაციებისა და დავალებების შესრულებას იქამდე განაგრძობენ, სანამ [ამ ბრძანებებს] მიიღებენ".

"იარაღს არ დავყრით". – თქვა ვოლინამ.

ვოლინამ დასავლურ მედიებთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ მისი ძალები არ ენდობოდნენ რუსეთის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხო გასასვლელებს. "არავის სჯერა რუსების", – თქვა მან.

გასულ დღეს, 19 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც მარიუპოლში უკრაინელთა ბოლო ძალებია გამაგრებული, იერიში დაიწყეს. ოკუპანტები იყენებდნენ მძიმე ბომბებს, ხსნიდნენ საარტილერიო და სატანკო ცეცხლს.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

კომენტარები