რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინა აზოვსტალიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის მოლაპარაკებებისთვის მზად არის

Ukrainian Presidential Press Service

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა აზოვსტალიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის მოლაპარაკებებისთვის მზად არის.  ამის შესახებ მან გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან ერთობლივ ბრიფინგზე თქვა. 

ზელენსკი ამბობს, რომ  მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებისა მარიუპოლში საომარი მოქმედებების სავარაუდო შეწყვეტის შესახებ, აზოვსტალის ტერიტორია კვლავ ბარბაროსულ დაბომბვის ქვეშაა. 

უკრაინის პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ მდივანს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

"ჩვენ ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, გამოიყენოთ კარგი სერვისების მექანიზმები სიტუაციის დეესკალაციისთვის. ყველა შანსი უნდა იქნას გამოყენებული მშვიდობის მისაღწევად. მნიშვნელოვანია, რომ დღეს გაეროს გენერალური მდივანი პირადად დარწმუნდა რუსეთის სამხედრო დანაშაულებებში უკრაინაში ვიზიტის დროს...

გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიამ, თავის მხრივ, უნდა გააგრძელოს რუსეთის ფედერაციის, რუსეთის სამხედრო ძალების ყველა დანაშაულის დოკუმენტირება. სიმართლე ისაა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინის მიწაზე იმდენი დანაშაული მოიტანა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რამდენიც ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონმა გუტერეშმა დააყენა საკითხი ჩვენი ხალხის ევაკუაციის შესახებ ქალაქ მარიუპოლიდან, კერძოდ, აზოვსტალის ქარხნიდან".- თქვა ზელენსკიმ. 

გაეროს გენერალური მდივნის თქმით, მას "ინტენსიური დისკუსიები" ჰქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან მარიუპოლიდან ევაკუაციის საკითხზე. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით კი, სჯერა, რომ შესაძლებელია, ქარხნიდან ხალხის გამოყვანის საკითხზე "წარმატებულ შედეგს" მიაღწიონ. 

გუტერეშმა ასევე თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა არის როგორც უკრაინის ტერიტორიის, ასევე გაეროს წესდების დარღვევა და გაერო აგრძელებს ბრძოლას ცეცხლის სრული შეწყვეტისთვის. მისივე ცნობით, გაეროს სასურსათო დახმარება უკვე მიიღო ორ მილიონზე მეტმა უკრაინელმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები