რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთსა და ბულგარეთს ბუნებრივი აირი, შესაძლოა, აშშ-მ მიაწოდოს

Nicholas Kamm/AFP

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მოკავშირეებთან ერთად პოლონეთისა და ბულგარეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე იმუშავებენ.  

"ჩვენ ვიმუშავეთ მოკავშირეებთან იაპონიაში და შესაძლოა, პოლონეთსა და ბულგარეთს ბუნებრივი აირი ამ ქვეყნებიდან მივაწოდოთ.

სულ ეს არის, რისი თქმაც ახლა შემიძლია". - თქვა მან.

რუსეთმა პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდება 27 აპრილს შეუწყვიტა - მიზეზი გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე ნათქვამი უარია.  პოლონეთის მთავრობის განცხადებით, მათ ბუნებრივი აირის საკმარისი რეზერვი აქვთ და ენერგომომარაგებას საფრთხე არ ემუქრება.

31 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა არამეგობრულ ქვეყნებთან ბუნებრივი აირით ვაჭრობის განკარგულებას, რომელიც გულისხმობს, რომ გარკვეულ ქვეყნებს გაზს რუბლში მიყიდიან.

თუ არამეგობრული ქვეყნები ბუნებრივი აირის რუბლებში შესყიდვაზე უარს იტყვიან, მათ გაზის მიწოდება შეუჩერდებათ. რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სია უკრაინაში შეჭრის გამო მის მიმართ ახალი სანქციების დაწესების შემდეგ განაახლა.

 რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები