რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: რუსეთის სამხედრო ძალები მოსახლეობას მიზანმიმართულად ატერორებენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალები სამხრეთ უკრაინაში მოსახლეობას მიზანმიმართულად ატერორებენ. მან მსოფლიოს რეაგირებისკენ მოუწოდა.

"რუსეთის სამხედრო ძალები სამხრეთ უკრაინაში წამების ოთახებს აშენებენ. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს იტაცებენ". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ჰუმანიტარული დახმარება მოიპარეს, რამაც რეგიონში შიმშილობა გამოიწვია.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხერსონისა და ზაპორიჟიის ოკუპირებულ ნაწილებში ოკუპანტები სეპარატისტულ სახელმწიფოებს ქმნიან და რუსული ვალუტა, რუბლი შემოაქვთ.

"ეს სხვა არაფერია, თუ არა მიზანმიმართული ტერორი". - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებისკენ მოუწოდა.

"ევროპასა და ამერიკაში ყველა უკვე ხედავს, რომ რუსეთი ღიად იყენებს ენერგიას დასავლური საზოგადოებების დესტაბილიზაციისთვის. ეს ყველაფერი დასავლეთის მხრიდან სანქციების ახალი, ძლიერი პაკეტის მომზადებაში მეტ სიჩქარეს მოითხოვს". - თქვა ზელენსკიმ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები