რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირმა რუსულ ნავთობს ემბარგო, შესაძლოა, საფრანგეთის არჩევნების შემდგომ დაუწესოს

ევროკავშირის წარმომადგენლები რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების გეგმას ამზადებენ, რომელიც, დიდი ალბათობით, საფრანგეთის არჩევნების შემდგომ შევა ძალაში. ინფორმაციას The New York Times-ს ავრცელებს.

ევროკავშირი ქვანახშირის მსგავსად ნავთობზეც ნაწილობრივ ემბარგოს დააწესებს. EU-ს წარმომადგენლებისა და დიპლომატების თქმით, ეს გრძელვადიანი პროცესია, რაც გერმანიას ალტერნატიული მომწოდებლების მოძებნისთვის დროს მისცემს.

ამასთან ერთად, 14 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ დასავლეთის სანქციებმა მისი ქვეყნის სასიცოცხლო ენერგეტიკულ სექტორს ზიანი მიაყენა.

ემბარგოს დაწესება საფრანგეთის არჩევნების მეორე ტურის, 24 აპრილის, შემდგომ განიხილება, რადგან გაზრდილი ფასების გამო, ულტრამემარჯვენე კანდიდატის, მარინ ლე პენის მხარდაჭერთა რაოდენობა არ გაიზარდოს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები