რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვერეშჩუკი: ტყვეები მეოთხედ გავცვალეთ, 22 უკრაინელი სამხედრო და 8 მოქალაქე დავიბრუნეთ

უკრაინის ხელისუფლებამ ტყვეების გაცვლის შედეგად 22 უკრაინელი სამხედრო და 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიბრუნა. ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, "პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით 14 აპრილს ტყვეების მორიგი, მეოთხე გაცვლა მოხდა".

ტყვეობიდან გათავისუფლდნენ 5 ოფიცერი, 17 რიგითი და 8 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 1 ქალი.

პირველად უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები 24 მარტს გაცვალეს. მაშინ რუსებმა 10 ტყვე ოკუპანტის სანაცვლოდ გაათავისუფლეს 10 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. გარდა ამისა, იმავე დღეს, ოდესასთან ჩაძირული გემიდან გამოყვანილი 11 რუსი მშვიდობიანი მეზღვაური რუსეთში გადაიყვანეს. მათ სანაცვლოდ, ოკუპანტებმა გაათავისუფლეს სამოქალაქო გემის, სატფირის 19 მეზღვაური.

პირველ აპრილს 86 რუსის სანაცვლოდ სამშობლოში 86 უკრაინელი დაბრუნდა.

9 აპრილს კი, უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები მესამედ გაცვალეს, რის შედეგადაც უკრაინის 26 მოქალაქე, მათ შორის, 10 ქალი გაათავისუფლეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ, ბომბავენ და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები