რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იაპონიამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა – მათ შორის, პუტინისა და ლავროვის შვილებს

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. საგარე საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, რუსეთის 398 მოქალაქის აქტივები გაიყინება - სანქცირებულთა შორის არიან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შვილები, კატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა.  

ახალი სანქციები ასევე შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებს - მის ცოლს, მარია ლავროვასა და შვილს, ეკატერინა ვინოკუროვას.  

იაპონიამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სანქციები დააწესა რუსეთიდან ქვანახშირისა და არყის იმპორტზე, ასევე, შეამცირა რუსეთში ახალი ინვესტიციები და გაყინა მსხვილი ბანკების საკუთრებაში არსებული აქტივები.  

პუტინისა და ლავროვის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესეს აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმაც.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს

კომენტარები