რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იაპონია რუს და ბელარუს ოფიციალურ პირებსა და ოლიგარქებს აქტივებს უყინავს

REUTERS/Issei Kato

იაპონიამ ათობით ოფიციალურ პირსა და ოლიგარქს ბელარუსიდან და რუსეთიდან ტოკიოში აქტივები გაუყინა

ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, იაპონიის უკანასკნელი სანქციები 20 რუსს, მათ შორის, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის შტაბის უფროსის მოადგილეებს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურსა და კრემლთან დაახლოებული ბიზნესების - ვოლგა ჯგუფის, ტრანსნეფტისა და ვაგნერის აღმასრულებელ დირექტორებს შეეხოთ. სია ასევე მოიცავს 12 ბელარუს ოფიციალურ პირსა და ბიზნესმენს, ამასთანავე, 12 ორგანიზაციას ბელარუსსა და რუსეთში. 

"სიაში მყოფ ფიზიკურ პირებთან და სუბიექტებთან გადახდის და ფინანსური ოპერაციები ამიერიდან საჭიროებს სახელმწიფო ნებართვას". - ნათქვამია განცხადებაში. 

აგრეთვე, ახალი პაკეტით იკრძალება რუსეთთან და უკრაინასთან იმ პროდუქტების ექსპორტი, რომელიც, შესაძლოა, სამხედრო მიზნებისთვის იქნას გამოყენებული.

ასევე, აიკრძალება ბელარუსის თავდაცვის სამინისტროსთან, შეიარაღებულ ძალებთან, პოლიციის ორგანიზაციებთან და მინსკში დაფუძნებულ კომპანიასთან - JSC Integral-სთან ექსპორტი. 

25 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ იაპონიამ ლიტვასთან, ლატვიასთან და ჩეხეთთან ერთად რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეწყვიტა. 

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. 27 თებერვალს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. პარალელურად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა აშშ-მაც.

27 თებერვალს  რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა ევროკავშირმაც – სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები