რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იაპონიამ დამატებით 25 რუსს, მათ შორის პესკოვსა და მის ცოლ-შვილს, სანქციები დაუწესა

დმიტრი პესკოვი და მისი ქალიშვილი

რუსეთ-უკრაინის ომის გამო, დღეს, 25 მარტს იაპონიის ფინანსთა სამინისტროს თქმით, სანქციები დამატებით 25 რუსს დაუწესდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს

იაპონიის მხრიდან სანქცირებულ პირთა რაოდენობა 101 ადამიანს შეადგენს.

იაპონიის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ახალი სანქციები მოიცავს რუსეთის ყოფილ ვიცე-პრემიერს, იგორ შუვალოვს, დიდი სახელმწიფო ბანკის Внешэкономбанк-ის თავმჯდომარეს, სერგეი ჩემოზოვს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვს, მის მეუღლესა და შვილებს.

 მინისტრის თქმით, ასევე აიკრძალება იაპონიიდან რუსეთში ფუფუნების საგნების ექსპორტი.

ბოლო კვირებში ტოკიომ მოსკოვის წინააღმდეგ სხვადასხვა სადამსჯელო ზომა დააწესა. უახლესი სანქციები, იაპონიის პრემიერ მინისტრის, ფუმიო კიშიდას დიდი შვიდეულის სამიტზე დადებული პირობის შემდეგ ამოქმედდა, როდესაც მან სხვა ქვეყნებს უკრაინის მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები