რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

აზოვის ბატალიონი: ოკუპანტებმა მარიუპოლში მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს

მარიუპოლი

უკრაინული მედია აზოვის ბატალიონზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაახლოებით, საღამოს 10:00 საათისთვის რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ მარიუპოლში უპილოტო საფრენი აპარატით უკრაინელი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წინააღმდეგ უცნობი წარმომავლობის მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს. 

მისგან დაზარალებულ უკრაინელებს სუნთქვის უკმარისობა, ვესტიბულური დარღვევა და ატაქსიის სინდრომი აღენიშნებათ. Unian-ის ცნობით, ამ დროისთვის ზუსტდება, თუ რა ნივთიერება გამოიყენეს მარიუპოლელების წინააღმდეგ. 

მარიუპოლი დროებით რუსული ოკუპაციის ქვეშაა და იქ წითელი ჯვრის წარმომადგენლებსაც არ უშვებენ

უკრაინის ოფიციალური პირების ვარაუდით, სიტუაცია მარიუპოლში გაცილებით უარესია იმასთან შედარებით, რაც მსოფლიომ ბუჩასა და კიევის მახლობლად სხვა ქალაქებსა და სოფლებში იხილა. 

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები