წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა უკრაინაში, პასკალ ჰუნდტმა თქვა, რომ წითელი ჯვრის გუნდმა 5-დღიანი მცდელობის მიუხედავად, მარიუპოლში შესვლა ვერ შეძლო.
თუმცა, პასკალ ჰუნდტის თქმით, წითელი ჯვრის გუნდმა გზაზე ლტოლვილების შეგროვება მოახერხა. საბოლოოდ, ზაპოროჟიემდე 1000-ზე მეტმა მშვიდობიანმა მოქალაქემ მიაღწია.
დელეგაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღება აუცილებელია, რათა კიდევ შეძლონ ცხელი წერტილებიდან მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოდ ტრანსპორტირება.
პუნდტის ცნობით, 9 აპრილს კრემატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმამ კიდევ უფრო გაართულა მდგომარეობა, ვინაიდან მოქალაქეთა უმრავლესობა მატარებლების ნაცვლად, კერძო მანქანებს იყენებს.
უკრაინის ოფიციალური პირების ვარაუდით, სიტუაცია მარიუპოლში გაცილებით უარესია იმასთან შედარებით, რაც მსოფლიომ ბუჩასა და კიევის მახლობლად სხვა ქალაქებსა და სოფლებში იხილა.
რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





