საქართველო-უკრაინა

მდინარაძე: თუ უკრაინა უკან ერთ სიტყვას მაინც წაიღებს, პაპუაშვილი უხელმძღვანელებს დელეგაციას

ტაბულა

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობიდან უკრაინაში ჩასვლის პრობლემა "არავის აქვს". მისი ინფორმაციით, უმრავლესობა მზადაა, "როცა პროტოკოლურად შეთანხმდება საკითხი და ფიზიკურად დალაგდება წასვლის თემა", რამდენიმე დეპუტატი წავიდეს უკრაინაში და "გამოთქვას დამატებით კიდევ ერთხელ სამძიმარი".

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის ბუჩაში ვიზიტს, მამუკა მდინარაძის თქმით, ეს დამატებით პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია. ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის თქმით, მმართველ გუნდს შალვა პაპუაშვილის წერილის არცერთ პუნქტზე არ მიუღია უკრაინის ხელისუფლებისგან პასუხი.

"რატომ დაგვაბრალეს, თითქოს საქართველოს ხელისუფლება ამ კონკრეტულ მოცემულობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს რუსეთთან რძესა და ყველზე. რატომ დაგვაბრალეს იარაღის კონტრაბანდა, რატომ გაიწვიეს ელჩი, მაშინ როდესაც საქართველოს მხარდაჭერა უპრეცედენტოა. ამ პასუხებზე იქნება პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დამოკიდებული" - ამბობს მდინარაძე.

ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერის თქმით, "თუ ჩვენ მივიღეთ პასუხები და ობიექტურად დავრწმუნდებით, მივიღებთ რეალურ პასუხს, შეურაცხყოფაზე პასუხს მივიღებთ, ამ შეურაცხყოფის ელემენტარულად უკან წაღებულ ერთ სიტყვას მაინც მივიღებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მზად არის, საპარლამენტო დელეგაციას ჩაუდგეს სათავეში".

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ შალვა პაპუაშვილის იზოლაციის ვადა სამ დღეში დასრულდება.

"არანაირი პრობლემა არ აქვს წასვლაზე, არც არასდროს ჰქონია, მიუხედავად იმ უამრავი ბინძური სპეკულაციისა, რაც ამ დღეებში მოვისმინეთ, ამ შემთხვევაში დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მასში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც" - თქვა მდინარაძემ.

კითხვაზე, თუ საქართველოს ხელისუფლება კითხვებზე პასუხს ვერ მიიღებს, ქართული ოცნების ლიდერი ამბობს - "მაშინ სხვაგვარად გადაწყდება".

"ან პასუხი რა იქნება... ნუ ვიმარჩიელებთ წინასწარ... ეს საერთოდ უპასუხობა იქნება, დაიგნორება იქნება ამ კითხვების, შეურაცხყოფის დაიგნორება და გატარება იქნება, ან თუნდაც, ღმერთმა არ ქნას და გამძაფრება იქნება იმისა, რაც საქართველოს დააბრალეს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნება. არ შეიძლება, იმ ფონზე, რაც ხდება, ჩვენ კითხვებიც არ გვქონდეს და ასე უაპელაციოდ რაღაცა გადაწყვეტილებას ვიღებდეთ" - თქვა მდინარაძემ.

8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ ბუჩის დანაშაულების შესაფასებლად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს უკრაინამ მოწვევა გაუგზავნა.

იმავე დღეს შალვა პაპუაშვილმა "განმარტების გარეშე" ბუჩაში ოფიციალურ მიწვევას "არასათანადო" უწოდა, რასაც უკრაინის რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკმა შოთა რუსთაველის აფორიზმით უპასუხა.

"არის თუ არა სათანადო, რომ "არასათანადო" უწოდო მიწვევას, ჩამოხვიდე მეგობარ ქვეყანაში და ნახო მისი გაჭირვება, გაიზიარო მისი მწუხარება, გამოხატო მხარდაჭერა სიტყვებით? მეჩვენება, რომ მეგობარმა ეს მოწვევის გარეშე უნდა უნდა გააკეთოს". – წერს სტეფანჩუკი.


რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები