რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საელჩო: პაპუაშვილს ბუჩაში ჩასვლის მოწვევა გავუგზავნეთ

დღეს, 8 აპრილს უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ ბუჩის დანაშაულების შესაფასებლად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოწვევა გაუგზავნეს.

"უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა ყველა პარლამენტარს მიმართა, ჩამოვიდნენ ბუჩაში და თავიანთი თვალით იხილონ რუსეთის დანაშაულები. შესაბამისი მოწვევა ასევე მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა". - ამბობს ანდრი კასიანოვი.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები