რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პაპუაშვილი: განმარტებების გარეშე, ბუჩაში ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინის მიერ მისი ბუჩაში ოფიციალური მიწვევა განმარტებებების გარეშე არასათანადოდ ჩანს.

პაპუაშვილმა Facebook-ზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ქვეყანა ყველა საერთაშორისო პლატფორმას იყენებს რუსული აგრესიის სამართლებრივი შეფასებისთის და გამოთქვამს სურვილს, რომ უკრაინის წარმომადგენლებმა გაიაზრონ ქართველი ხალხისა და მათი ხელისუფლების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

"რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ, უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია, და ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ, რაც არ უნდა უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებები გვესმოდეს საპასუხოდ", - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

განცხადებას შალვა პაპუაშვილმა წერილის სურათი დაურთო, რომელიც მისი თქმით, მან უკრაინის რადას თავმჯდომარეს წინა მიმართვის გამო 12 მარტს გაუგზავნა, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია.

დღეს, 8 აპრილს უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ ბუჩის დანაშაულების შესაფასებლად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოწვევა გაუგზავნეს.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

კომენტარები