რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: რუსეთი ცინიკურად ანადგურებს მშვიდობიან მოქალაქეებს

ვოლოდომირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში კრამატორსკის რკინიგზის სადგურის დაბომბვას გამოეხმაურა. ზელენსკის თქმით, რუსეთი ცინიკურად ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას. 

"იმის გამო, რომ არ აქვთ ძალა და გამბედაობა ბრძოლის ველზე, ისინი გადავიდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის ცინიკურად განადგურებაზე. 
ეს არის ბოროტება, რომელსაც საზღვარი არ აქვს და თუ არ დაისჯება, არასდროს შეჩერდება". - წერს Instagram-ზე ზელენსკი. 

უკრაინული მხარის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ორი რაკეტით დაბომბეს კრამატორსკის რკინიგზის სადგური, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გამოიყენება. უკრაინული ცნობების მიხედვით, დაბომბვას ემსხვერპლა მინიმუმ 30 ადამიანი და დაშავებულია 100-ზე მეტი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები