რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარიუპოლში ოკუპანტები კვალს გადასატანი კრემატორიუმებით ფარავენ – ქალაქის საბჭო

მარიუპოლი

მარიუპოლის საბჭოს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ქალაქში კვალს გადასატანი კრემატორიუმებით ფარავენ. ინფორმაციას საბჭო ტელეგრამზე ავრცელებს.  

"მკვლელები კვალს ფარავენ. მარიუპოლში რუსული გადასატანი კრემატორიები ფუნქციონირებს. ბუჩაში გენოციდის ფართო საერთაშორისო საჯარო გახმაურების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ ბრძანა, გაენადგურებინათ მარიუპოლში მისი არმიის დანაშაულის მტკიცებულება". - წერია განცხადებაში. 

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

გოსტომელის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით კი ქალაქში, სულ მცირე, 400 ადამიანია დაკარგული. მისივე ინფორმაციით, ოკუპანტები თავიანთი სისასტიკის კვალს ასუფთავებდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები