უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ წერილი გამოაქვეყნა. მან ყოფილ თავდაცვის მინისტრს, მიხაილო ფედოროვს, ბოდიში მოუხადა, თუმცა მისი გარკვეული მიდგომები გააკრიტიკა.
"ჩემთვის მოულოდნელი იყო გაგება, რომ ბატონ მინისტრთან კონფლიქტი გვქონდა. ჩვენს ურთიერთობას საქმიან ურთიერთობად აღვიქვამდი: რთული საკითხებით, სხვადასხვა პოზიციებით. დიდი ომის დროს ორ ინსტიტუს შორის ასეც უნდა იყოს.
თუ ვინმე რაღაცით გავანაწყენე, მიხაილო ალბერტოვიჩ, მაპატიეთ. უხეში ვარ ხოლმე. თუმცა თქვენც და ყველას, ვინც ახლა ამ ამბავს ხალისით მიჰყვება, გთხოვთ, ვკონცენტრირდეთ არა პირად, არამედ გლობალურ საკითხზე, გამარჯვებაზე." - წერს სირსკი.
სირსკის თქმით, ომის ორი პიროვნების წინააღმდეგობამდე დაყვანა იქნება "უდიდესი სამსახური, რომელიც შეიძლება მტერს გაუწიონ". მისივე თქმით, ომის წარმართვისსტრატეგია მისი პირადი პასუხისმგებლობაა და არა თავდაცვის მინისტრის.
"და მეორე აზრი, საიდანაც გამომდინარეობს ყველაფერი, რასაც შემდეგ ვიტყვი: ომს იგებს რეალური მუშაობა და არა მის გარშემო ატეხილი საჯარო დრამა. ამიტომაც, შემდგომ საუბარი იქნება არა ურთიერთობებზე, არამედ საქმეზე. დავიწყოთ იმ საბაზისო საკითხებით, რომლებიც დისკუსიაში დაიკარგა.
თავდაცვის სამინისტრო პასუხისმგებელია სამხედროების უზრუნველყოფაზე, შესყიდვებზე, პოლიტიკის შემუშავებასა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლზე. ეს არის უზარმაზარი სამუშაო, რომლის გარეშეც არმია ვერ იომებს. მინისტრი პირადად არ უნდა იმყოფებოდეს ფრონტის ხაზზე და არ უნდა იყოს ომის სტრატეგი. ეს არც მისი ამოცანაა და არც მისი პასუხისმგებლობა.
ომის სტრატეგია, ოპერაციების დაგეგმვა და ფრონტზე არსებული ვითარება, კანონის მიხედვით, ჩემი პასუხისმგებლობაა უზენაესი მთავარსარდლის წინაშე. შორ მანძილზე დარტყმები და ყირიმის იზოლაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის კომპეტენციაა, ხოლო ეს ყველაფერი კოორდინირებულია უზენაესი მთავარსარდლისა და ჩემ მიერ. არა იმიტომ, რომ თითქოს "არავის ვაძლევ" წარმატების მიღწევის საშუალებას, არამედ იმიტომ, რომ ასეა მოწყობილი ინსტიტუციური პროცესები მსოფლიოს ყველა არმიაში." - წერს სირსკი.
სირსკი ასევე აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოდ ადანაშაულებენ "სტრატეგიის არქონაში", რადგან, მისი თქმით, ომის სტრატეგიას ის ვოლოდიმირ ზელენსკის აწვდის, ხოლო მისი შედეგები ფრონტზე მიმდინარე ვითარებაში აისახება.
"40 წელზე მეტია, რაც ჯარში ვმსახურობ. სამხედრო ადამიანი ვარ: ჩემს ხელმძღვანელობას ულტიმატუმებს არ ვუყენებ და ჯარებს მესენჯერების საშუალებით არ ვმართავ. მილიონიანი არმიის მართვა WhatsApp-ით შეუძლებელია. ის იმართება შტაბების, ბრძანებებისა და ადგილზე მყოფი მეთაურების პასუხისმგებლობის მეშვეობით.
ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება იყო, რომ კორპუსების მეთაურებს უფლებამოსილება გადავეცი, მათ შორის კორპუსის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეების გადაყვანასთან დაკავშირებით. სწორედ ეს არის ხელით მართვის საპირისპირო." - წერს სირსკი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ასევე აღნიშნა, რომ ის ებრძვის რუსეთს და არა თავდაცვის სამინისტროს.
"მე არ ვომობ სამინისტროსთან. მე რუსეთთან ვომობ. გენერალური შტაბი არასოდეს დაპირისპირებია სამინისტროს - ჩვენ ვთანამშრომლობდით და ვითანამშრომლებთ ნებისმიერ მინისტრთან, რომელსაც სახელმწიფო დანიშნავს. რადგან არმიაში არ ირჩევენ, ვისთან ერთად იმსახურონ. არმიაში ასრულებენ ბრძანებებს და აკეთებენ საკუთარ საქმეს. თუმცა ამას ხარისხიანად აკეთებენ." - წერს სირსკი.





