ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში სავაჭრო გემზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ინდოეთის მოქალაქეების დაღუპვის გამო "სერიოზული შეშფოთება" გამოხატა.
"კომერციულ გემებზე თავდასხმები და მათ შედეგად უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა მიუღებელია და მსგავსი შემთხვევები თავიდან უნდა იქნას აცილებული." - ნათქვამია ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 19 ივლისს რუსეთის სამხედრო ძალებმა შავ ზღვაში, ოდესის სანაპიროსთან, სარაკეტო დარტყმა მიიტანეს გვინეა-ბისაუს დროშის ქვეშ მცურავ სავაჭრო გემ Golden Leo-ზე. გემი ოდესის პორტს სიმინდით დატვირთვის შემდეგ ტოვებდა.
უკრაინული მხარის ცნობით, ერთ-ერთი რაკეტა გემის მარჯვენა ბორტის ზედნაშენს მოხვდა, რის შედეგადაც ბორტზე ხანძარი გაჩნდა.
გემზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 17 წევრი: სირიისა და ინდოეთის მოქალაქეები, ასევე უკრაინელი ლოცმანი. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი - ეკიპაჟის ცხრა წევრი და უკრაინელი ლოცმანი. გადარჩენილი მეზღვაურები ოდესაში გადაიყვანეს.
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაღუპულებს შორის ინდოეთის ოთხი მოქალაქეა, ხოლო კიდევ ერთი ინდოეთის მოქალაქე მძიმედ დაშავდა და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
რუსეთის ხელისუფლებას აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ბოლო პერიოდში რუსეთის სამხედრო ძალები რეგულარულად უტევენ ოდესის ოლქის სანაპიროსთან მყოფ გემებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ აღნიშნული ხომალდები უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებში მოქმედებენ. ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ცნობით კი დარტყმების სამიზნეები უცხო ქვეყნების სავაჭრო გემებიც ხდება.





