18 ივლისს, თელავში ქორწილის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს თელავის პოლიციის განყოფილებაში იკითხებოდა მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი, რომელიც გუშინ ქორწილში იმყოფებოდა.
როგორც ტაბულას უწყებაში განუცხადეს, მრელაშვილმა "გამოკითხვაზე ბოლომდე დარჩენა არ ისურვა, რა დროსაც პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა და პირადი ნივთების შესანახი კარადა დააზიანა."
უწყების ცნობით მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
ცნობისთვის, 18 ივლისს, კახეთში ქორწილში ინციდენტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტურისტებმა ქორწილის სტუმრებს წყალი გადაასხეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
რის შემდეგაც გიორგი ჭიღლაძე (სიძის ძმა) ავიდა ტურისტების ოთახთან და უწყების ცნობით, ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.
ჭიღლაძე დააკავეს და გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყება არ აკონკრეტებს ტურისტების ეროვნებას, თუმცა არსებული ცნობით, ისინი რუსები არიან.
მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია ადვოკატმაც გაავრცელა. მისი განცხადებით, ჭიღლაძემ მოგერიების მიზნით მოიქნია მარჯვენა ხელი და ქალს იდაყვი მოარტა სახის არეში, რის შედეგადაც იგი დაეცა.
ადვოკატი ასევე წერს, რომ "ჭიღლაძე არის რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლი და თავადაც დაზარალებული"





