რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი ბუჩის ტრაგედიას "ისტერიას" უწოდებს და თვლის, რომ მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაა

Sergei Chirikov/EPA/Shutterstock

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უკრაინის ქალაქ ბუჩის ტრაგედიას დასავლეთისა და უკრაინის მიერ "გაღვივებულ ისტერიას" უწოდებს და ამბობს, რომ კადრები უკრაინის სამსახურების მიერაა გადაღებული. ლავროვმა ასევე თქვა, რომ რუსეთი "ცრუ პროვოკაციას" უკრაინასთან მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობად მიიჩნევს.

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დასავლეთისა და უკრაინის პროპაგანდისტული მანქანა განსაკუთრებულად ორიენტირებული იყო ისტერიის გაღვივებაზე ვიდეოს შესახებ, რომელიც, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გადაღებულია უკრაინის სამხედრო და უსაფრთხოების სამსახურის მიერ კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში. რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს ჩადენილი "ომის დანაშაულების" შესახებ ცნობების სიმცდარე არაერთხელ დადასტურდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ჩვენი სამინისტროსა და გაეროში მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის მიერ. გაეროში ჩვენმა ელჩმა, ვასილი ნებენზიამ დღეს დეტალურად დააფიქსირა ჩვენი პოზიცია, მოიყვანა ფაქტები და წაიკითხა მოწმეების ჩვენებები გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

შესაბამისად, საკითხავია, თუ რა მიზანს ემსახურება ეს აშკარად ცრუ პროვოკაცია? ჩვენ მიმართული ვართ, რომ ეს მივიჩნიოთ როგორც მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობა იმ დროს, როდესაც გვირაბის ბოლოს გარკვეული, თუმცა ბუნდოვანი სინათლე გამოჩნდა". – თქვა ლავროვმა.

კიევის ოლქში ირპენზებუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა კონტროლი ეტაპობრივად დაიბრუნეს. ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები